დედაქალაქურმა “საბურთალომ” ეროვნული ლიგის ფარი ოფიციალურად ჩაიბარა – საზეიმო ცერომონია “ჩიხურასთან” ფრედ, 0:0 მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. კლუბს ოქროს სინჯის მედლები და ეროვნული ლიგის ფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. დაჯილდოვება კი გრანდიოზული ფეარ-ვერკით დასრულდა.
2018 წელი თბილისის “საბურთალოსთვის” წარმატებული გამოდგა. გუნდმა სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელებმა მაქსიმუმი გაიღეს, რათა კლუბს აღნიშნული შედეგისთვის მიეღწია. “საბურთალომ” ისტორიაში პირველად შეძლო ქვეყნის ყველაზე მთავარი ტიტულის მოგება და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
სასიამოვნო ფაქტი იყო ისიც, რომ მატჩის დაწყების წინ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს სპეციალურად დამზადებული საჩუქარი გადასცა. ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელს “საბურთალო”-ში 150-ე მატჩი დაუგროვდა.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს – შეხვედრის 21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ ჩვენი გუნდის ფეხბურთელს ლუკა ლაკვეხელიანს წითელი ბარათი უჩვენა და ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა გიორგი გაბედავას დარტყმული ბურთი, მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. მიუხედავად უმცირესობისა, “საბურთალოს”გოლის გატანის შესაძლებლობა რამდენჯერმე შეექმნა – ჯერ ვლადიმერ დვალიშვილს შეეძლო გოლის გატანა, მეორე ნახევარში კი გურამ გოშთელიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმული დინო ჰამზიჩმა მოიგერია. თავის მხრივ, ანგარიშის გახსნის შესაძლობლობა სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ გუნდები მშვიდობიანად დაშორდნენ.
ასევე სასიამოვნო ფაქტი მოხდა ისიც, რომ რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მინდორს ლაშა შინდაგორიძე დაუბრუნდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში ბოლო 28 წუთი ითამაშა.

4 დეკემბერი. “მიხეილ მესხი”. 800 მაყურებელი
საბურთალო – ჩიხურა 0:0
საბურთალო:  კუპატაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ალთუნაშვილი (ტერა 68), გორგიაშვილი, დიასამიძე (გვარაძე 46), გოშთელიანი (შინდაგორიძე 62), დვალიშვილი. 
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 70), სარდალიშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 85), ბუღრიძე, კახაბრიშვილი.