წლევანდელ სეზონში დავით ვოლკოვმა ტრავმა ორჯერ მიიღო – 23 წლის ფეხბურთელს იძულებით დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ოთხი გოლის გატანა მაინც შეძლო. ფეხბურთელთან საუბარი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:
– ახლა ფეხი საერთოდ არ მაწუხებს და კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ისე მოხდა, რომ სეზონის დაწყებიდან ორჯერ იძულებით მომიწია დასვენება. ორივე ტრავმა ერთი და იგივე ადგილას მქონდა. ჩვენი ექიმების დიდი დამსახურებაა, რომ ახლა ჯანმრთელად ვარ და შემიძლია ფეხბურთის თამაში.
– საინტერესოა თქვენი მოსაზრება “საბურთალოს” თამაშსა და შედეგზე?
– შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან უშუალო კონკურენტ “დინამოს” ხუთი ქულით ვუსწრებთ, თუმცა ამ ფაქტორმა არ უნდა მოგვადუნოს. გასულ წელს შესვენებაზე პირველ ადგილზე მყოფი “დინამო” ბევრად დიდი სხვაობით უგებდა “ტორპედოს”, მაგრამ ჩემპიონობა ქუთაისელებმა მოიპოვეს. აქედან გამომდინარე, სხვაობა ძალიან მინიმალურია, თუმცა რა თქმა უნდა, სასიამოვნოა რომ ვლიდერობთ ჩემპიონატს.
რაც შეეხება თამაშის ხარისხს – ბოლო დროს ისეთ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, როგორიც გვჩვევია. კლუბში კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი და ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და გასაკეთებელი.
– როგორ ფიქრობთ, მზად არის “საბურთალო” ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს?
– “საბურთალო” მეოთხე სეზონია, რაც უძლიერესთა რიგებში ასპარეზობს. კლუბი ეტაპობრივად იზრდება და ვითარდება, ეს თვალშისაცემია. გუნდი ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგს, ძლიერდება და გამოცდილებას იძენს. ასეთ დროს, როდესაც გუნდი ნახევარი სეზონის დასრულების შემდეგ, ცხრილის სათავეში იმყოფება, რატომ არ უნდა შეეძლოს ჩემპიონობა? შეგვიძლია ჩემპიონობა და ამის კარგი შანსი გვაქვს.
ვინც, ჩახედულია ქართულ ფეხბურთში და სისტემატურად ადევნებს თვალს ეროვნულ პირველობას,  ინფორმირებული იქნება თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს “საბურთალო”, თუ როგორი მიდგომა აქვთ კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი. ქართულ ფეხბურთში ჩახედულ ადამიანებს არა მგონია გაუკვირდეთ ჩვენი წარმატება.
– წლეულს ოთხი გოლი გაიტანეთ, სულ კი “საბურთალოს” მაისურით 14 გოლი დაგიგროვდათ. როგორ გაიხსენებთ თქვენს მიერ გატანილ ბურთებს?
– ბოლო ორ ტურში ორი გოლი გავიტანე, რამაც ძალიან გამახარა. მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ და მიხარია, რომ ამ წარმატებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანე. ველოდები და მინდა ისეთი ბურთი გავიტანო, საჩემპიონო იყოს.
– გასულ წელს, როდესაც “საბურთალო” მეოთხე ადგილზე გავიდა, 60 ქულა დააგროვა. ახლა, როდესაც სეზონის ჯერ მხოლოდ ნახევარი მიილია, გუნდის აქტივში 43 ქულაა. რის ხარჯზე?
– ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები – ყველა ერთი საქმისთვისაა გაერთიანებული. ამავდროულად, სწორი მუშაობის შედეგია “საბურთალოს” წინსვლა და პროგრესი. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ გუნდს გამოცდილება დაუგროვდა. წლეულს რომ მატჩები მოვიგეთ, ასეთი შეხვედრების მოგებას გასულ წელს ვერ ვახერხებდით.
– კარიერის გაგრძელება უცხოეთში შეგეძლოთ, მაგრამ “საბურთალოში” დარჩენა ამჯობინეთ…
– დიახ, იყო იმის შესაძლებლობა, რომ ევროპაში მეთამაშა, მაგრამ ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგი. “საბურთალოში” მოსვლის დღიდან კომფორტულად ვიგრძენი თავი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
– საუბრის ბოლოს – ეროვნულ ლიგაში რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
– რამდენიმეს გამოყოფა შემიძლია, მაგრამ ჩვენი გუნდის მეკარე ლაზარე კუპატაძე საუკეთესოა, უკონკურენტოც. ლაზარეს ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. ვფიქრობ, რომ ის დღეც მალე დადგება, როდესაც ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.