2019 წლიდან “საბურთალოს” ახალი კაპიტანი ეყოლება – ეს პატივი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილს, გაგი მარგველაშვილს ერგო, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, კლუბის სტაჟიანი ფეხბურთელია. 22 წლის ცენტრალურ მცველს “საბურთალოს” შემადგენლობაში 147 მატჩი აქვს ჩატარებული. 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული, როდესაც კლუბმა პირველი ლიგიდან დაიწყო თამაში, მეტოქეთა კარი გაგიმ 11-ჯერ აიღო.
“ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დამატებითი მოტივაციაა. მოხარული ვარ, რომ საბურთალოელებმა ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. ყველანაირად ვეცდები ღირსეული და სამაგალითო კაპიტანი ვიყო.
მთელი ჩემი ბავშობა “საბურთალოს” უკავშირდება. სწორედ, ამ კლუბში ავიდგი ფეხი და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. რომ გითხრათ ველოდი-მეთქი კაპიტნობას მოვიტყუები, თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ მოულოდნელი იყო”, – გვითხრა “საბურთალოს” ახალმა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა.
ქართულ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ მარგველაშვილამდე კაპიტნის სამკლაურს ასევე ღირსეულად მეკარე ლაზარე კუპატაძე ატარებდა, რომელიც კარიერას ევროპაში გააგრძელებს. მანამდე კი “საბურთალოს” წლების განმავლობაში გიორგი ხარაიშვილი კაპიტნობდა.